CASE OF GEORGIA v. RUSSIA (I) - [Georgian Translation] legal summary by the Human Rights Centre, the Supreme Court of Georgia
Karar Dilini Çevir:
CASE OF GEORGIA v. RUSSIA (I) - [Georgian Translation] legal summary by the Human Rights Centre, the Supreme Court of Georgia

 
დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის () მიერ. თარგმანის ხელახალი გამოქვეყნების ნებართვა გაცემულია მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს HUDOC-ის მონაცემთა ბაზაში განთავსების მიზნით.
 
The document was provided by the Supreme Court of Georgia, Human Rights Centre (). Permission to re-publish this translation has been granted for the sole purpose of its inclusion in the European Court of Human Rights’ database HUDOC.
 
საინფორმაციო შეტყობინება სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე 225
2019 წლის იანვარი
 
საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I) (სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა] - 13255/07
გადაწყვეტილება, 31 იანვარი, 2019 [დიდი პალატა]
 
33-ე მუხლი
სახელმწიფოთაშორისი საჩივარი
41-ე მუხლი
სამართლიანი დაკმაყოფილება
 
სახელმწიფოთაშორის საქმეზე დაზარალებულთა იდენტიფიცირება და იმ პირთა რაოდენობის განსაზღვრა, რომელთაც ეკუთვნით მორალური ზიანის ანაზღაურება
 
 
ფაქტები: 2014 წლის 3 ივლისს მიღებულ არსებით გადაწყვეტილებაში [ადამიანის უფლებათა ევროპულმა] სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციაში გატარდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრებისა და გამოძევების კოორდინირებული პოლიტიკა, რაც [ადამიანის უფლებათა ევროპული] კონვენციის პრეცედენტული სამართლის მიზნებისთვის, ადმინისტრაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა და ეწინააღმდეგებოდა კონვენციის მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლს (უცხოელთა კოლექტიური გაძევების აკრძალვა). სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლისა (წამების აკრძალვა) და მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) 1-ლი და მე-4 პარაგრაფების დარღვევას, აგრეთვე, კონვენციის მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) დარღვევას მე-5 მუხლის 1-ელ პარაგრაფსა და მე-3 მუხლთან ერთობლიობაში. ზემოხსენებული მუხლების დარღვევის საფუძველი იყო თვითნებური დაკავებები და დაკავების პირობები.
 
სამართალი: 41-ე მუხლი
 გამოყენებადობა - გადაწყვეტილებაში საქმეზე კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ დადგინდა სამი კრიტერიუმი, რომელთა მიხედვით უნდა განისაზღვროს სახელმწიფოთაშორის საქმეზე მოთხოვნილ უნდა იქნეს თუ არა სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნული კრიტერიუმებია:
(i)                   მთავრობის მიერ წარმოდგენილი საჩივრის ტიპი, რომელიც უნდა ეხებოდეს მოქალაქეების (ან სხვა მსხვერპლის) ძირითადი ადამიანის უფლებების დარღვევას;
(ii)                 შესაძლებელია თუ არა დაზარალებულთა იდენტიფიცირება;
(iii)                რა არის საქმის წარმოების დაწყების ძირითადი საფუძველი. საქმის წარმოების დაწყების საფუძველი უნდა იყოს ადამიანის უფლებათა დარღვევის საფუძველზე კომპენსაციის მინიჭება არა სახელმწიფოსთვის, არამედ მსხვერპლთათვის.
 
წინამდებარე საქმეზე სამივე კრიტერიუმი დაკმაყოფილებულ იქნა.
 
დასკვნა: კონვენციის 41-ე მუხლი გამოყენებადია (თექვსმეტი ხმა ერთის წინააღმდეგ)
 გამოყენება.
 
ა) ,,საკმარისად ზუსტი და ობიექტურად იდენტიფიცირებადი’’ პირთა ჯგუფის განსაზღვრა
 
(i) მონაწილე სახელმწიფოების და სასამართლოს როლი - ძირითადი გადაწყვეტილების 135-ე პარაგრაფში სასამართლომ განაცხადა, რომ არ არსებობდა რაიმე გარემოება, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა, დაედგინა, რომ მომჩივანი მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გაძევებული ქართველების რაოდენობის შესახებ არ იყო სარწმუნო. შესაბამისად, მან მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში 4,600-ზე მეტი გაძევების ბრძანება გაიცა, რომლიდანაც დაახლოებით 2,380 ადამიანი დააკავეს და იძულებით გააძევეს. სასამართლომ მოცემული რიცხვი აიღო, როგორც ათვლის წერტილი, რათა დაედგინა, არსებობდა თუ არა ადმინისტრაციული პრაქტიკა ძირითადი გადაწყვეტილების საქმის განხილვის კონტექსტში - რაც ძალიან განსხვავდებოდა კონვენციის 41-ე მუხლის მიზნებისთვის მსხვერპლთა ვინაობის დადგენისგან.
 
განსხვავებით საქმისგან კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა 1974 წლის ზაფხულში ჩრდილოეთ კვიპროსში თურქეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევას და რომელიც არ ეფუძნებოდა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, მოცემულ საქმეში ადმინისტრაციული პრაქტიკა ეყრდნობოდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებს, 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების გაძევების შესახებ. აქედან გამომდინარე, მხარეები უნდა იყვნენ იმ პოზიციაში, რომ მოახდინონ მსხვერპლთა იდენტიფიკაცია და სასამართლოს მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან მიმართებით მაღალ ხელშემკვრელ სახელმწიფოთათვის კონვენციის 38-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულება ვრცელდებოდა ორივე მხარეზე: მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რაც დროის გასვლასა და დიდი ოდენობის მონაცემების შეგროვებასთან იყო დაკავშირებული, მომჩივან მთავრობას ეკისრებოდა ვალდებულება, დაესაბუთებინა მოთხოვნა, ხოლო მოპასუხე მთავრობას უნდა წარმოედგინა მის ხელთ არსებული ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი.
 
სასამართლოს არაერთი მოთხოვნის შემდეგ, მომჩივანმა მთავრობამ, დანართთან ერთად, წარმოადგინა, 1,795 დაზარალებულის სია, ხოლო მოპასუხე მთავრობამ სასამართლოს, ასევე დანართთან ერთად, კომენტარები გაუგზავნა. სასამართლომ წინასწარ შეაფასა აღნიშნული სია, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მთავრობამ არ წარმოადგინა ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი (კერძოდ, გაძევების ბრძანებები და სასამართლოს გადაწყვეტილებები). თუმცა, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი და მის, როგორც საერთაშორისო სასამართლოს, ფუნქციებთან შეუსაბამო იქნებოდა, შეეფასებინა საქმეთა უფრო დიდი ოდენობა, რაც მოითხოვდა კონკრეტული ფაქტების დადგენას ან ფულადი კომპენსაციის გამოთვლას (ორივე საკითხი, დოქტრინისა და პრაქტიკის მიხედვით, ეროვნული სასამართლოების კომპეტენციას წარმოადგენს). ეს წესი განსაკუთრებით ვრცელდებოდა სახელმწიფოთაშორის საქმეზე, რომელიც არსებითად განსხვავდებოდა იმ საქმისგან, რომელიც ეხებოდა ინდივიდუალური საჩივრების ჯგუფს, სადაც თითოეული საჩივრის კონკრეტული გარემოებები მოცემული იყო გადაწყვეტილებაში.
 
(ii) მეთოდი - სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა ის რიცხვი, რომელსაც დაეყრდნო ძირითად გადაწყვეტილებაში, აგრეთვე ის ფაქტი, რომ დადგენილი დარღვევები ეხებოდა ინდივიდუალურ მსხვერპლებს და ეფუძნებოდა იმ მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მოპასუხე მთავრობის ტერიტორიაზე, განაგრძო მსჯელობა, რომ მომჩივანი მთავრობის სიაში დასახელებული ადამიანები, წარმოადგენდნენ დადგენილი დარღვევების მსხვერპლებს და საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი მოპასუხე მთავრობას ეკისრებოდა.
 
წინამდებარე საქმეზე მოპასუხე მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ამართლებდა სიიდან 290 ადამიანის ამოღებას ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ერთ-ერთის საფუძველზე:  სიაში ორჯერ იყვნენ შეყვანილები; სასამართლოს წინაშე ინდივიდუალური საჩივარი ჰქონდათ წარდგენილი; რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს ან საჩივრის წარდგენის დროიდანვე იყვნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები; გაძევების ბრძანება მათ წინააღმდეგ წარდგენილ იქნა სადავო პერიოდამდე ან აღნიშნული პერიოდის შემდეგ; მათ წარმატებით გამოიყენეს ხელმისაწვდომი სამართლებრივი დაცვის საშუალებები; შეუძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება ან მომჩივანმა მთავრობამ ვერ წარმოადგინა საკმარისად დასაბუთებული საჩივრები მათთან მიმართებით.
 
შესაბამისად, არსებობდა ,,საკმარისად ზუსტი და ობიექტურად იდენტიფიცირებადი’’ სულ მცირე 1500 საქართველოს მოქალაქე, რომლებიც უცხოელთა კოლექტიური გაძევების მსხვერპლს წარმოადგენდნენ და რომელთა გარკვეულ რაოდენობას უკანონოდ შეეზღუდა თავისუფლება და დაკავების პირობების გამო დაექვემდებარა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
 
 
ბ) მორალური ზიანი
სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონვენცია პირდაპირ არ ითვალისწინებს დებულებას მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, შესაბამისად დაეყრდნო იმ პრინციპებს, რომლებიც დადგინდა არაერთ საქმეზე, რომლებიც ეხებოდა ადამიანის უფლებათა მასშტაბურ დარღვევებს: იმის შეფასებისას, კომპენსაციის მინიჭება უნდა მოხდეს თუ არა კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ განიხილა არამხოლოდ მომჩივნის პოზიცია, არამედ დარღვევის საერთო კონტექსტიც. მორალური ზიანის განსაზღვრისას, სასამართლო მიზნად ისახავდა, რომ ფართოდ გამოეხატა გამოწვეული ზიანის სიმძიმე.
მიუხედავად აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ბევრი სუსტი ფაქტორისა - რაც, სხვებს შორის, დროის გასვლით იყო გამოწვეული - ეჭვგარეშეა, რომ მსხვერპლებს მიადგათ ტრავმა და განიცადეს ტანჯვა და დამცირება, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც განხორციელდა სადავო ადმინისტრაციული პრაქტიკა. ამ შემთხვევაში, დარღვევების დადგენა არ იყო საკმარისი ადეკვატური კომპენსაციის უზრუნველსაყოფად.
სამართლიანი დაკმაყოფილების ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, სასამართლოს გააჩნდა დისკრეცია, თუმცა ყოველთვის უარს ამბობდა ისეთი ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე, რომელიც მიმართულია სადამსჯელო ზომების მიღებისკენ, მათ შორის, ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ცალკეულ მსხვერპლთა საჩივრების შემთხვევაშიც. სამართლიან საფუძვლებზე დაყრდნობით, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია დაეკისრებინა კომპენსაცია ქვემოთ მითითებული ოდენობით.
კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით, რომელიც განმარტებულია 1-ლი მუხლის კონტექსტში, მომჩივანმა სახელმწიფომ უნდა შექმნას ეფექტური მექანიზმი, რომელიც მსხვერპლებს შორის გადაანაწილებს სადავო თანხებს, ზემოაღნიშნული ინდიკატორებისა და გამონაკლისების გათვალისწინებით. აღნიშნული მექანიზმი უნდა შეიქმნას მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობით და მის მიერ დადგენილი პრაქტიკული ღონისძიებების შესაბამისად.
დასკვნა: მოპასუხე სახელმწიფოს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 000 ევროს სახით (თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ) მომჩივანი სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომელიც გადანაწილდება მსხვერპლებს შორის (სულ ცოტა 1500 საქართველოს მოქალაქეზე) თვრამეტი თვის ვადაში (ან სხვა ვადაში, რომელსაც მინისტრთა კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს):
(i) თითოეულ მსხვერპლს მიეკუთვნოს ზიანის ანაზღაურება 2 000 ევროს ოდენობით, ცალკე - მე-4 დამატებითი ოქმის მე-4 მუხლის დარღვევისათვის;
(ii) 10 000-დან 15 000 ევრომდე მიეკუთვნოთ მათ, ვინც ასევე წარმოადგენენ მსხვერპლებს კონვენციის 5 მუხლის 1-ლი პარაგრაფისა და მე-3 მუხლების შესაბამისად, მათი პატიმრობის ხანგრძლივობის მხედველობაში მიღებით.
 
მოსამართლეებმა - იუდკივსკამ (უკრაინა), მიტსმა (ლატვია), ჰუსეინოვმა (აზერბაიჯანი) და ჭანტურიამ (საქართველო) გამოხატეს ერთობლივი, ნაწილობრივ თანმხვედრი მოსაზრება.
 
მოსამართლე დედოვმა (რუსეთი) გამოხატა განსხვავებული მოსაზრება.
 
 (იხილეთ ასევე კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ (სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა], საჩივარი -25781/94, 2014 წლის 12 მაისი, საინფორმაციო შეტყობინება 174, და სამართლებრივი შეჯამებები საქმეებზე ჩირაგოვი და სხვები სომხეთის წინააღმდეგ (სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა], საჩივარო -13216/05, და სარგსიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ (სამართლიანი დაკმაყოფილება) [დიდი პალატა], საჩივარი -40167/06, 2017 წლის 12 დეკემბერი, საინფორმაციო ბარათი 213)
 
© ევროპის საბჭო/ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
სამდივნოს მიერ მომზადებული ეს მოკლე შეჯამება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის. დამატებით იხილეთ Case-Law Information Notes

Full & Egal Universal Law Academy